მსგავსი სიმძიმის ტრაგედია სოფელ ლეღვას არ ახსოვს – თეონა ტაკიძეს 11 სექტემბერს დაკრძალავენ

I საჯარო სკოლა ახალი ამბები ახალი ამბები სიახლეები

“-მართლა გგონიათ რომ სიკვდილის შემდეგ პატივს მოგაგებენ?
-დიახ.
-იცით რა ხდება სიკდილის შემდეგ?
დაგმარხავენ და ცხოვრებას გააგრძელებენ. დაგივიწყებენ და როცა ღრწვნას დაიწყებ, არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება განგსტერი იყავი თუ არა. მკვდარი იქნები და შენი გახსენება არავის ესიამოვნება, იმიტომ რომ სულ ეს იქნება რასაც ცხოვრებაში დატოვებ.”

ეს 15 წლის თეონა ტაკიძის ფეისბუქპოსტია, რომელიც გარდაცვალებამდე 7 დღით ადრე, 31 აგვისტოს გამოაქვეყნა. თითქოს გრძნობდა 7 სექტემბრის მოსალოდნელ ტრაგედიასო და, იწინასწარმეტყველა სიკვდილის შემდეგი მოვლენები. პოსტში თითქოს წუხდა, სიკვდილის შემდეგ პატივს არ მოგაგებენ, დაგმარხავენ და ცხოვრებას გააგრძელებენო…

22 ივლისს კი შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა თავის ფეისბუქზე

,,ამ ცხოვრებაში ყველაფრის მოძებნა შეგიძლია, სიყვარულის და სიკვდილის გარდა… ისინი თავად მოგძებნიან როცა ამის დრო მოვა…”

სიყვარულის არ ვიცი, მაგრამ სიკვდილმა ის თავად მოძებნა და 15 წლის ასაკში შეუწყვიტა სიცოცხლე.

მართლაც, ამბავი რომელმაც შეძრა სოფელი, და არა მარტო! სოფელში გვახსოვს ახალგაზრდები, რომლებიც ავარიით დაიღუპნენ. გვახსოვს ავადმყოფობით გარდაცვლილებიც. გვახსოვს ახალგაზრდა, რომელიც მდინარეში დაიხრჩო. გვახსოვს დაკარგულები, მაგრამ სანადირო იარაღის ბრმა ტყვიით ახალგაზრდა, 15 წლის გოგოს სიცოცხლე განადგურებულიყოს პირველი შემთხვევაა. ეს ის შემთხვევაა, რომელმაც დაგვამუნჯა ყველა, დაგვაბნია და გაგვანადგურა!

ეს იმ სიმძიმის ტრაგედიაა, ყველას რომ დაამახსოვრდება და ყველას გაახსენდება ანგელოზი გოგოს ბურუსით მოცული ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. დღეს ვერსიები ბევრია, ვერავის გაგვიგია რა მოხდა და ყველას აინტერესებს რეალურად რა ვითარებაში გარდაიცვალა 15 წლის ანგელოზი.

თეონა ტაკიძე სოფელ “ლეღვის” N1 საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლე იყო. წარჩინებით სწავლობდა. ყველა სასკოლო ოლიმპიადიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა. წელს მოსწავლეთა 72 კონფერენციის, ქართული ენის სექციის განხრით პირველი ადგილი აიღო და მის თემას “ლეღვას თუ ლეღვის” დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თეონა აგვისტოში თოქშოუ “სენტენციის” შემოქმედებითი გუნდის ერთ-ერთი წევრი გახდა. 4 სექტემბერს შევხვდით ბოლოს. ბევრი ვისაუბრეთ, გეგმები გავაცანით და გახარებული წავიდა. გადაცემის ჩატში დავამატეთ და ვიწყებდით ახალ სეზონს მასთან ერთად. გადაცემის ჩაწერის დღე დავნიშნეთ და 8 სექტემბერს ველოდებოდით სტუდიაში, თუმცა, 7 სექტემბერს თეონა ტაკიძე ტრაგიკულად დაიღუპა, “სენტენცია” უვადოდ გაჩერდა!

თეონა ტაკიძე 2018 წლის 7 სექტემბერს, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გასული წლის 7 სექტემბერს კი შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე

“ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ მოწყენილები ვიყოთ… ამიტომ გავიღიმოთ და ცხოვრებაც მშვენიერი გავხადოთ”

ის იყო ბედნიერი, ძალიან ლამაზი და მეგობრული. ლაღი, შრომისმოყვარე, ნიჭიერი, წარჩინებული, ჭკვიანი, სულ მხიარული და ნაკლებად მოწყენილი. ყველას რომ უყვარდა და ყველას რომ დაწყდა გული – ეს იყო თეონა ტაკიძე, 15 წლის და ის მუდამ 15 წლის დარჩება!

თეონა ტაკიძეს, სოფელ ლეღვაში 11 სექტემბერს დაკრძალავენ.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *