მოთხრიან თუ არა საუკუნოვან მაგნოლიის ხეებს სოფელ ლეღვაში? – ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირება

ახალი ამბები ახალი ამბები ლეღვა ცხრაფონა
ლეღვაში არსებული მაგნოლიის ხე

სულეიმან ეფენდი (წულუკიძე), XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც თურქეთში სწავლობდა, ლეღვაში დაბრუნების შემდეგ 3 მაგნოლიის ხე ჩამოიტანა, რომელიც ოსმან მჭედლიშვილს გადასცა საჩუქრად. ოსმანმა თავის სიძეს, ხასან მესხიძეს აჩუქა ერთი მაგნოლიის ხე, მეორე ხე ლეღვას ცენტრში დარგო, ამჟამინდელი ადმინისტრაციული შენობის გვერდით, რომლის მიწაც სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო მესამე მაგნოლიის ხე ალი გოგიტიძეს აჩუქა. მესამე ხე ისევ ლეღვაში, ალის გოგიტიძის ძმის ოჯახში დაირგო და შემდეგ ეს ხე გახმა.

დღესდღეობით ლეღვაში მხოლოდ ორი მაგნოლიის ხეა შემორჩენილი, რომელიც 130 წელზე მეტს ითვლის.

მაგნოლიის ყვავილი

მაგნოლია მცენარეთა გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახისა. მეტწილად დიდი ფოთლები აქვთ. ყვავილები კენწრული და ორსქესიანია, უმეტესად სურნელოვანი, იშვიათად მყრალი. ნაყოფი გირჩისებრი, მრავალფოთლურაა, საიდანაც ძაფზე ჩამოკიდებული, წითელ გარსში მოქცეული თესლი. ცნობილია მაგნოლიის 80-მდე სახეობა. საქართველოში მაგნოლია მოშენებულია თბილისში, წინანდალში, ქუთაისსა და სხვა ადგილებში, უფრო მეტად კი შავი ზღვის სანაპიროზე.

ოლეგ მესხიძის მაგნოლიის ხე

ლეღვაში არსებულმა მაგნოლიის ხეებმა ბიძინა ივანიშვილის დაინტერესება გამოიწვია. ოლეგი მესხიძესთან რამდენჯერმე შეამოწმეს საუკუნოვანი ხე.

“ჩემთან ოთხჯერ იყვნენ მოსულები, მაგნოლიის ხე შეამოწმეს. ბოლოს 3 თვის წინ იყვნენ. ხე აზომეს, ფოტოები გადაუღეს და წავიდნენ. დაგიკავშირდებითო და ჯერ არ დაურეკიათ” – ამბობს ოლეგ მესხიძე და კითხვაზე გაყიდდა თუ არა ხეს, გვიპასუხა რომ გაყიდდა იმ შემთხვევაში, თუ მისთვის მისაღებ თანხას გადაუხდიან.

რაც შეეხება მაგნოლიის ხეს, რომელიც სოფელ ლეღვის ცენტრშია, ივანიშვილის დაინტერესება ამ ხის მიმართაც იყო. მაგნოლიის ხის წაღების შემთხვევაში მოსახლეობას წმ. მაქსიმე აღმსარებლის მშენებარე ეკლესიის შენობის დასრულებას და მიმდიბარე ტერიტორიის კეთილმოწყობას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე ხე თავის ადგილას რჩება.

საინტერესოა მომავალში რა ბედი ეწევა სოფელ ლეღვაში მაგნოლიის ორ ხეს და დარჩება თუ არა სოფელი მაგნოლიის ხის მშვენიერების გარეშე.

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *