“ლილე” – თქვა რაულ ტაკიძემ და დარბაზში ჟრიამულის ხმა გაისმა – ოლიმპიადა “ოცდაოთხი” დასრულდა

ახალი ამბები ახალი ამბები გაზაფხულის სერია • 2019 კატეგორიის გარეშე მთავარი ოლიმპიადა "ოცდაოთხი" სიახლეები

“ლილე” – თქვა რაულ ტაკიძემ და დარბაზში ჟრიამულის ხმა გაისმა. ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდმა მეორედ მოიგო თეონა ტაკიძის სახელობის ინტელექტუალური ოლიმპიადა. თეონას მამის მიერ გამოცხადებული გამარჯვებულის ვინაობა ისეთივე სტიმულია მამისთვის, როგორც სხვა აქტივობები, რომელიც მის 15 წლის გარდაცვლილ შვილს ეძღვნება.

ოლიმპიადის ორგანიზატორმა დედას სთხოვა, მონაწილე გუნდებს რამდენიმე წინადადებით გასაუბრებოდა, თუმცა 2 საათიანი ფინალური თამაშის შემდეგ ემოციებით დაღლილმა მგლოვიარე დედამ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ მოეკრიბა ძალა.

1 თვიანი თამაშები ფინალური ტურით თეონა ტაკიძის გარდაცვალებიდან 9 თვის თავზე, სიმბოლურად 7 ივნისს (ძველი კალენდრით 24 მაისს) გაიმართა. ფინალურ ტურზე 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს და საბოლოოდ საუკეთესო სამეული 24 შეკითხვის შემდეგ გამოვლინდა.

ამჯერადაც პირველობა ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდმა “ლილემ” არავის დაუთმო და პირველი ადგილი კიდევ ერთხელ აიღო. მეორე ადგილი კვირიკეს საჯარო სკოლის გუნდმა “სნიჩიმ” დაიკავა, ხოლო მესამე ადგილს Legva.ge-ს გუნდი დასჯერდა.

ოლიმპიადაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლების გუნდებთან ერთად ლეღვას N1 საჯარო სკოლის გუნდი “დროც” ასპარეზობდა. გუნდის წევრები თეონას თანაკლასელებით იყო დაკომპლექტებული. გუნდი თითოეულ ეტაპზე ღირსეულად იცავდა გარდაცვლილი თანაკლასელის სახელს. “დრომ” დროს გაუძლო, რაც საბოლოოდ 20 მეტოქის დამარცხებით დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს სიურპრიზი ქობულეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა “ახალმა ტალღამ” გაუკეთა. ბობოყვათის საჯარო სკოლის გუნდი 1 დღიანი ექვსკურსიით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულ სამეულს თეონა ტაკიძის სახელობის ჯილდოები, სიგელები, მედლები და Legva.ge-გან მონაწილე გუნდების კაპიტნებს სპეციალურად ოლიმპიადისთვის დამზადებული ჭიქები გადაეცა.

 

გუნდების პასუხებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა. ჟიურის წევრები იყვნენ აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი განათლების საკითხებში ნათია ბოლქვაძე და 73-ე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ისტორიის სექციის გამარჯვებული თემის ავტორი ქეთევან კაკალაძე.

ფინალზე მიღებული შედეგები ასე გადანაწილდა:

  1. ბობოყვათის საჯარო სკოლა – “ლილე” – 49,6 ქულა
  2. კვირიკეს N1 საჯარო სკოლა – “სნიჩი” – 46,1 ქულა
  3. Legva.ge – “Legva.ge” – 27,6 ქულა
  4. ლეღვას N1 საჯარო სკოლა – “დრო” – 27,0 ქულა
  5. ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლა – “მე-6 გრძნობა” – 20,4 ქულა
  6. ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა” – “ახალი ტალღა” – 15,9 ქულა

ოლიმპიადის ავტორი და ორგანიზატორი ნიკოლოზ ცეზარიშვილი: ეს ოლიმპიადა თავიდან ბოლომდე ჩემი გამოგონილი და აწყობილია. სულ სხვა კონცეფცია და ფორმატია, რაც აქამდე არსად არ ყოფილა. 2013 წლიდან ვატარებ ამ პროექტს. თეონას სახელი კი გასულ წელს მივანიჭე, რადგან ვფიქრობ იმსახურებს ამ მასშტაბის ოლიმპიადისთვის ამ გოგოს სახელის მინიჭება. მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალ ტალღას”, ოლიმპიადის წამყვანს მარია წულუკიძეს, ყველა მონაწილე გუნდს, თეონას ოჯახსა და იმ ადამიანებს, ვინც მეხმარებოდა ოლიმპიადის ორგანიზებაში. ასევე მადლობა “TV 25” და აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.”

ოლიმპიადაში საერთო ჯამში 24 გუნდის 150 მოსწავლე იყო ჩართული, რომელიც სხვადასხვა სკოლისა და ორგანიზაციის სახელით იყვნენ წარმოდგენილი. ფინალურ შეჯიბრზე კი 24 კითხვა დაისვა და ყოველი პროექტის დასასრული 24 რიცხვში იმართება. სწორედ ამ რიცხვის გათვალისწინებით ჰქვია ოლიმპიადას “ოცდაოთხი”

ოლიმპიადა “ოცდაოთხი” Legva.ge-ს ორგანიზებით ჩატარდა.

 

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *