კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი ლეღვაში და დამნაშავეები, რომლებმაც 2 მაღაზია გაქურდეს, ამ დრომდე უცნობია

ახალი ამბები ახალი ამბები კატეგორიის გარეშე მთავარი სიახლეები

კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა სოფელ ლეღვაში. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ოჯახიდან საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარეს. დაზარალებული პირად საუბარში გვეუბნება, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს სახლი გაქურდული დახვდა.

“9 საათი იქნებოდა სამსახურიდან რომ დავბრუნდი. ოთახებში ტალახის კვალი დამხვდა. მივხვდი რაღაც რიგზე რომ არ იყო. შემდეგ შევამჩნიე, ერთ-ერთი საოჯახო ნივთი, რომელიც ძვირადღირებულია თავის ადგილას აღარ დამხვდა. ამ დრომდე ვაკვირდები და სხვა არაფერი წაუღიათ”.

დაზარალებულს შსს-სთვის არ მიუმართავს, რადგან თვლის რომ აზრი არ აქვს გამოძიების დაწყებას. მას არც მისი ვინაობის გამხელა სურს.

14 დეკემბერს სოფლის საექიმო ამბულატორიის კარები დააზიანეს და ნივთები გადაადგილეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

ქურდობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე სოფელ ლეღვაში. იანვრის თვეში 10 დღის განმავლობაში ორი მაღაზია გაქურდეს. დამნაშავეებმა თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს. გამოძიება ორივე შემთხვევაზე დაიწყო 177-ე მუხლით, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დრომდე არც ერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული.

თუ ბოლო ორი თვის განმავლობაში რაიონში დაფიქსირებული ქურდობის ფაქტების სტატისტიკას გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ მხოლოდ ლეღვაში არ გახშირებულა დანაშაული

• იანვრის თვეში სოფელ გვარაში მაღაზია 2-ჯერ გაქურდეს

• სოფელ ქაქუთში კი წყლის მილი მოიპარეს

• იანვრის მიწურულს ჩაქვში ავტომობილი მოიპარეს

• სოფელ აჭყვისთავში მუნიციპალური ავტობუსიდან ორი აკუმულატორი მოიპარეს

• მიმდინარე კვირას ჩაისუბანში დამნაშავეებმა სანიაღვრე არხიდან ცხაურები მოიპარეს

Facebook კომენტარები
გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *